ახალი ამბები
კასპში პოეტ ნინო მოდრეკილაძის პოეზიის საღამო გაიმართა
კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში პოეტ ნინო მოდრეკილაძის პოეზიის საღამო გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრას ორგანიზება გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა გაუკეთეს.

პოეტისა და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრა, მისი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა და კლასის დამრიგებელმა ნათია სუხაშვილმა.

ნინო მოდრეკილაძე პროფესიით ჟურნალისტია და ლექსებს ბავშვობიდან წერს. პირველი ლექსი 1995 წელს დაიბეჭდა კასპის რაიონულ გაზეთში ,,განთიადი“, ხოლო შემდეგ გორში გამომცემლობა ,,ქართლის“ მიერ დაბეჭდილ კრებულში ,,ოცნება“.

პირველი პოეტური კრებული - ,,სულის ქარვები“, გამოსცა 2014 წელს, მეორე - ,,ფერნაცვალ ფიქრთან“ – 2016 წელს.

საღამოზე პოეტმა საკუთარი ლექსები, მათ შორის, ,,თევდორე" წაიკითხა.

მან ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცა.

საღამოს ორანიზატორებმა წაიკითხეს ისრაელიდან პაატა იაკობაშვილის, ხარაგაულიდან რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, კონკურს „ოდეონის“ დამაარსებლისა და ორგანიზატორის იზა ვეფხვაძის გამოგზავნილი წერილები.

პოეტის შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ გორელი პოეტები: ჯემალ ინჯია და გიორგი ხორბალაძე, თბილისელი პოეტები: მაიკო მიქაია, გივი ჩიღვინაძე და ედუარდ უგულავა.

პოეტებმა ნინო მოდრეკილაძის და საკუთარი ლექსები წაიკითხეს და ბიბლიოთეკა საკუთარი წიგნებითაც დაასაჩუქრეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები