ახალი ამბები
PHOTO - ქალაქის საკრებულოს კომისიის სხდომიდან
ქალაქ გორის სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრები ადგილს იატაკზე და ფანჯრის რაფაზე იკავებენ.

ფოტოს მიხედვით, იატაკზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მინდია გოდერძიშვილი ზის, ხოლო, ფანჯრის რაფა, ძირითადად, ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს, ლერი ლაფაჩს ეკუთვნის.

კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ოთახში სულ ერთი მაგიდა და სამი სკამია.

,,კომისიაში ხუთნი ვართ. გვაქვს ერთი მაგიდა და სამი სკამი. სხდომის მიმდინარეობისას სპეციალისტებიც ესწრებიან ხოლმე. ერთი სკამიც გვქონდა, მაგრამ ის სკამი სხვა კომისიის თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს მივეცი, რომელსაც მაგიდაც კი არა აქვს ოთახში" - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

როგორც ირკვევა, ის ფლიგელი, სადაც ამჟამად ქალაქის საკრებულოა განთავსებული, მანამდე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეკუთვნოდა.

გასული წლის ბოლოს, გამგეობა სხვა შენობაში გადავიდა და ავეჯი მთლიანად წაიღეს.

,,ჩვენ ის ავეჯი წავიღეთ თან, რაც ჩვენი ნაყიდია" - ამბობს გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარაძე. გამგეობის შენობაში კი, საოფისე მაგიდებთან ერთად, ტყავის სავარძლებიც აქვთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები