ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძე: ,,13 მლნ ლარის ქონება საიდან მაქვს?!"
ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე იმ მილიონერთა ჩამონათვალში მოხვდა, რომლის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.

ამ კვლევის მიხედვით, დეპუტატი 13 მლნ ლარის ქონებას ფლობს.

მაკრახიძე კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ არაზუსტი ინფორმაციის გამომქვეყნებლებს პასუხს აგებინებს.

„საიდან მოიტანეს ეს ციფრები, არ ვიცი. დეკლარაცია შევსებული მაქვს. იმ კომპანიაში, რომელსაც ვფლობდი, სულ 3 მლნ ლარის ტექნიკა იყო. მაქვს კიდევ 30 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ მეღვრეკისში, ასევე, მაქვს კერძო სახლი გორში. სულ ეგ არის" - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

დეკლარაციის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ შპს ,,იბოლიიდან" გასულ წელს მიიღო 773 319 ლარი, ხოლო, დანარჩენი შემოსავლების ჩათვლით, სულ მიღებული აქვს 863 000 ლარი.

იოსებ მაკრახიძე აპირებს, რომ კერძო აუდიტი დაიქირავოს და საკუთარი ქონების შეფასება მოახდინოს.

ანგარიში მონიტორინგის ცენტრმა ,,მედიატორმა" და პოლიტიკურმა პარტიამ ,,ახალი საქართველოსთვის" წარადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები