ახალი ამბები
ყარაჩაი-ჩერქეზეთში სამხრეთ ოსეთისთვის ,,ალანიის" სახელის მინიჭების საკითხს აპროტესტებენ
ყარაჩაი-ჩერქეზეთის სახალხო კონგრესის წევრები სამხრეთ ოსეთისთვის ,,ალანიის" მინიჭების საკითხის განხილვას დაუშვებლად მიიჩნევენ.

ამის შესახებ მათ, ჯერ კიდევ, 17 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მისწერეს.

წერილის ავტორები ლავროს უხსნიან, რომ შესაძლოა, მომავალში, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობას მთელ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე გაუჩნდეს პრეტენზია.

ისინი აღნიშნავენ, რომ ისტორიულად, ალანია მოიცავდა ჩრდილოეთ კავკასიის ამჟამინდელი რესპუბლიკების ტერიტორიებს, მათ შორის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ასევე, კრასნოდარის მხარის მიწებს.

,,ბოლოს კი, ალანები ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხალხთან ასოცირდებოდა. ამდენად, დაუშვებლად მიგვაჩნია სამხრეთ ოსეთს ეწოდოს ალანია" - სწერენ კონგრესის წევრები სერგეი ლავროვს.

სახალხო კონგრესის მიმართვას ყარაჩაი-ჩერქეზეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები არ იზიარებენ. პარტიის ადგილობრივი ლიდერი ედუარდ მარშანკულოვი ამბობს, რომ წერილის პათოსი ორ ერს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.

,,ეს განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს - პიარს, რათა ეთნიკური კონფლიქტი დაიწყოს. ჩვენთან ძალიან ბევრი ოსი ცხოვრობს და მათთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს" - აცხადებს კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი.

ჯერჯერობით, უცნობია, ლავროვის პასუხი. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კი, რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს ჩატარდება. ამავე დღეს, ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები