ახალი ამბები
მევენახეებს 100 ტონა ყურძნის გადასამუშავებლად საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა
მევენახეებს, რომლებსაც საკუთრებაში არანაკლებ 20 ჰა ფართობი აქვთ, 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის აღჭურვილობა გადაეცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ერთ კოოპერატივში 20-მდე მეპაიე უნდა გაერთიანდეს, ხოლო გაშენებული ყურძნის შემდეგი ჯიშები უნდა ჰქონდეს:

რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 21 მარტამდე გაგრძელდება.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტეა და მის ფარგლებში არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

ფოტოზე: შატო ატენის ვენახი
Print

სტატიის გამოყენების პირობები