ახალი ამბები
კავთისხევი - კასპის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა მაისში აღდგება
კავთისხევი-სადგური კავთისხევი-საქადაგიანო-კასპის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა მაისში აღდგება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.

მდინარე მტკვრის ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

თუკი თავდაპირველად ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიძლებოდა, ამჟამად, ხიდის ზედა ნაწილი მთლიანად მოშალეს.

მიმდინარეობს ბეტონის სამუშაოები.

კაპიტალურ რემონტს შპს ,,მამისონი'' აწარმოებს. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა 1 110 000 ლარის. დასრულების თარიღად კი, მიმდინარე წლის 7 მაისია აღნიშნული.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს მძიმე წონის, კერძოდ, (კასპიცემენტის ქარხანასა და კარიერს შორის) მოძრავ მანქანებს უქმნიდა.

თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და, მას შემდეგ, მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხიდზე შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები იყო დაზიანებული.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს, განსაკუთრებით, სატვირთო ავტომანქანებს უქმნიდა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ხიდის ბურჯების გაძლიერება, მალის ნაშენისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება; სავალი ნაწილისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. ასევე განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობის, ხიდის სავალი ნაწილის მონიშვნის, შემოფარგვლისა და გადასასვლელი ფილების მოწყობის სამუშაოები. 

ამჟამად, მოძრაობა კავთისხევიდან ახალქალაქი-მეტეხის გავლითაა შესაძლებელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები