ახალი ამბები
ცხინვალში 27 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურა 27 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს თვითმკვლელობის მუხლით იძიებს.

ოსური საინფორმაიო სააგენტოების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა  სოციალურ ქსელში შექმნილი ,,სიკვდილის ჯგუფის" წევრების ზეწოლას ვერ გაუძლო. 

ადგილობრივი პროკურატურის ხელმძღვანელი ურუზმაგ ჯაგაევი ამბობს, რომ კომპიუტერული სისტემის შემოწმების შედეგად, საგამოძიებო ჯგუფი სწორედ ამ დასკვნამდე მიდის.

,,ამოვიღეთ გარდაცვლილის კომპიუტერი, შემოწმების მიზნით ჩვენს კოლეგებს ჩრდილოეთ ოსეთში გავუგზავნეთ. მონაცემების გაშიფვრის შემდეგ ამ ეტაპზე მივედით იმ დასკვნამდე, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა" - განუცხადა ჯაგაევმა ადგილობრივ ჟურნალისტებს.

ცხინვალის რეგიონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

კონკრეტულად, რა ფორმით ახდენენ გავლენას ე.წ. სიკვდილის ჯგუფის წევრები ახალგაზრდებზე, ამის შესახებ, დეტალებს არ ახმაურებენ.

ცხინვალისგან განსხვავებით, ასეთი ჯგუფები შედარებით  აქტიურები ჩრდილოეთ ოსეთში არიან. იქ უკვე ახალგაზრდების თვითმკვლელობის მცდელობის 14 შემთხვევა დააფიქსირეს, საიდანაც 4 ფაქტი გარდაცვალებით დასრულდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები