ახალი ამბები
თითო უბანს 150 000 ლარი - გორის მერმა კოორდინატორებს დავალება მისცა
კომბინატის, წმინდაწყალის, კვერნაკის, ვერხვების, ჭალისა და სადგურის დასახლების მცხოვრებლებს, ცალ-ცალკე, 150 000 ლარი გადაეცემა.

ამის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა უბნების კოორდინატორებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან, კოორდინატორებმა თავიანთ უბნებზე შეხვედრებისა და კრებების ჩატარება უნდა უზრუნველყონ.

თითოეულ უბანში მცხოვრებნი, ხმათა უმრავლესობით, 150 000 ლარს იმ პროექტების დასაფინანსებლად მიმართავს, რომლის განხორციელებასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ.

შეუძლიათ, ამ 150 000 ლარის ფარგლებში, თითო უბანში რამდენიმე მინიპროექტი მოიფიქრონ.

აღნიშნულ ფაქტს, რომელსაც ქალაქის მერიამ საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი ჰქვია. 

,,გასულ წელს თანამონაწილეობითი ბიუჯეტი საპილოტე რეჟიმში განვახორციელეთ, პირველიც იყო, დროის დეფიციტიც გვქონდა, ამიტომ მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი. წელს მარტიდან ვიწყებთ აღნიშნულ პროცესს და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გამოვასწოროთ ხარვეზები. მინდა მოგიწოდოთ კოორდინატორებს, გაააქტიუროთ მუშაობა მოსახლეობასთან, რომ 2018 წლისთვის შერჩეული პროექტები მაქსიმალურად მეტი გორელის ინტერესებს ასახავდეს.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე, 2017 წელს, გორში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 13 პროექტი დამტკიცდა.

სამოქალაქო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცისა“ (პოლონეთი) და მისი პარტნიორების: მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტის, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა და ქალაქ ვარშავის მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრის პროგრამული მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები