ახალი ამბები
წმინდაწყალზე მოსახლეობას ცენტრალურ ქუჩამდე გადასაადგილებლად პრობლემები შეექმნა
წვიმიანი ნალექის გამო წმინდაწყლის დასახლებაში ქუჩები დაიტბორა.

ამის შესახებ ფოტოებს ადგილობრივი მცხოვრები ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დილით, ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

ეზოების და გზის მოუწესრიგებლობად სანიაღვრე სისტემის არარსებობა ემატება.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ამხანაგობების წევრებმა და თავმჯდომარეებმა უნდა იაქტიურონ.

,,ყოველწლიურად, იზრდება თანადაფინანსების თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში, უამრავმა მოქალაქეთა ჯგუფმა ისარგებლა ამით. იაქტიურონ მათაც და მოგვმართონ" - აცხადებენ მერიაში.

გარდა ამისა, სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ახალ პროექტში, რომელსაც ქალაქის თვითმმართველობა პოლონეთის მთავრობის დახმარებით სთავაზობს.

კომბინატის, წმინდაწყალის, კვერნაკის, ვერხვების, ჭალისა და სადგურის დასახლების მცხოვრებლებს, ცალ-ცალკე, 150 000 ლარი გადაეცემა.

ამის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა უბნების კოორდინატორებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან, კოორდინატორებმა თავიანთ უბნებზე შეხვედრებისა და კრებების ჩატარება უნდა უზრუნველყონ.

თითოეულ უბანში მცხოვრებნი, ხმათა უმრავლესობით, 150 000 ლარს იმ პროექტების დასაფინანსებლად მიმართავს, რომლის განხორციელებასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ.

შეუძლიათ, ამ 150 000 ლარის ფარგლებში, თითო უბანში რამდენიმე მინიპროექტი მოიფიქრონ.

აღნიშნულ ფაქტს, რომელსაც ქალაქის მერიამ საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი ჰქვია.

,,გასულ წელს თანამონაწილეობითი ბიუჯეტი საპილოტე რეჟიმში განვახორციელეთ, პირველიც იყო, დროის დეფიციტიც გვქონდა, ამიტომ მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი. წელს მარტიდან ვიწყებთ აღნიშნულ პროცესს და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გამოვასწოროთ ხარვეზები. მინდა მოგიწოდოთ კოორდინატორებს, გაააქტიუროთ მუშაობა მოსახლეობასთან, რომ 2018 წლისთვის შერჩეული პროექტები მაქსიმალურად მეტი გორელის ინტერესებს ასახავდეს.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე, 2017 წელს, გორში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 13 პროექტი დამტკიცდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები