ახალი ამბები
ერთ მისამართზე მდებარე კომპანიები ტენდერებში რეკომენდაციას ერთმანეთს უწევენ
გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში სასმელი წყლის მინიპროექტები კომპანია ,,ექსტერნმა" 2017 წლის პირველ იანვარს დაასრულა.

ოფიციალურად, გამგეობას მის მიმართ პრეტენზია არა აქვს.

ძევერა, გუგუტიანთკარი, ბოშური, ქვემო ბოშური, ბობნევი, ბიისი, სათემო, დიდი ხურვალეთი, ორმოცი, ტუსრები, ახალშენი - ეს ის 11 სოფელია, სადაც გასული წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში ,,ექსტერნმა" იმუშავა.

ჩამონათვალში ის სოფელიცაა, სადაც ,,ექსტერნმა" მანამდე, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის პირველი მარტამდე, ,,იმუშავა".

 

სათემოს და მეღვრეკისის წყალი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ აქვს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც 2016 წლის მარტში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებდა, რომ სოფელ სათემოში ,,ექსტერნმა" სამუშაოები არასრულად შეასრულა, ხოლო, კიდევ ერთ სოფელში, მეღვრეკისში, შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზა არ ჩაუტარა.

მეღვრეკისსა და სათემოში სამუშაოები 2015 წლის 16 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ სამუშაოები 2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებშიც არ იყო დაწყებული.

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ,,ექსტერნთან" დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ, რადგან მიმდინარე წლის დასაწყისში 11-ვე სოფელში სამუშაოები დაასრულა.

საგულისხმოა, რომ ,,ექსტერნს" რეკომენდატორად შპს ,,მარგი" მოჰყავს. ორივე კომპანია თბილისში ერთ მისამართზე, სადმელის ქუჩაზე მდებარეობს.

გამგეობისთვის წარდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, შპს ,,მარგი" აცხადებს, რომ მის მიერ დაქირავებულმა შპს ,,ექსტერნა" სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულა. არიან თუ არა ამ ორი ორგანიზაციის უკან ერთი და იგივე პირები?


ამის შესახებ 2016 წლის მარტში ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა პრეტენზია გამოთქვა, თუმცა, 2016 წლის ივლისში ეს პრეტენზია აღარ გაჟღერებულა.

,,შესყიდვების შესახებ კანონში" არ არის კონკრეტული მუხლი იმისა, რომელიც განმარტავს, თუ რა ან ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი. ,ეს დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის სურვილზე და განაცხადზე" - აცხადებს ალექსანდრე თარხნიშვილი, გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი.


ქერეს გაზიფიცირება

გარდა ამისა, მერეთის თემში შემავალ სოფლებში მოსახლეობა სასმელი წყლის დაზიანებულ მილებს დღემდე აწესრიგებს.

ამის მიზეზად სოფლის გაზიფიცირებისას მშენებლების მიერ დაშვებული შეცდომები სახელდება.

კომპანია ,,ექსტერნის" ტექნიკამ, შიდა სასოფლო გზების გათხრის დროს, საცხოვრებელ სახლებთან სასმელი წყლის ცენტრალური და შიდა მილები მწყობრიდან გამოიყვანა.

,,სადაც მოვასწარით ყურადღების მიქცევა, ის ადგილები გადარჩა. მაგრამ, ბევრგან ისე დაიწყეს გაზის მილების გაყვანა, რომ ყურადღება არ მიაქციეს წყლის მილებს. ზოგგან თვითონ მოსახლეობა აფრთხილებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დააზიანეს" - ამბობს მერაბ მახარაშვილი, მერეთის თემის წარმომადგენელი საკრებულოში.

მისი განმარტებით, ასეთი სიტუაცია მერეთის გარდა, კარბსა და ქერეშიც შეიქმნა.

,,მაგათ თავიანთი ვადები ჰქონდათ. იმ ვადებში დაამთავრეს საკუთარი სამუშაოები და მერე წავიდნენ. გზებიც გადათხრილი დაგვიტოვეს და წყლის მილებიც დაზიანებული. მერე ჩვენი ადგილობრივი ,,კეთილმოწყობის სამსახური" დაგვეხმარა პრობლემის მოგვარებაში" - გვითხრა მერაბ მახარაშვილმა.

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პასუხობენ, რომ ,,ნომერი რეგისტრირებული არ არის"
Print

სტატიის გამოყენების პირობები