ახალი ამბები
ირინა ენუქიძის მოძღვარი თვლის, რომ მიქაელ ბოტკოველი თანამდებობაზე არ უნდა დაბრუნდეს
გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები, მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) ამბობს, რომ მიქაელ ბოტკოველს თანამდებობაზე დაბრუნების უფლება არა აქვს.

ამის შესახებ მოძღვარმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით,  18 წლიანი სასულიერო მოღვაწეობის განმავლობაში, ბოტკოველი მის მიმართ მუდმივად დევნას ახორციელებდა.

,,ჩემ მიმართ დევნა განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გააქტიურა. ის ფაქტიურად ,,მიშა ორი" იყო საპატრიარქოში და, უშუალოდ, მისი მეშვეობით ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტი საპატრიარქოში გავლენის მოპოვებას" - აცხადებს მამა გრიგოლი.

მიქაელ ბოტკოველი გუშინ პატრიარქის პრეს-მდივნის პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაცვის სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა მის ერთ-ერთ განცხადებას სიცრუე უწოდა.

მიქაელ ბოტკოველის გადადგომის საკითხს საპატრიარქოში დღეს განიხილავენ. ის პატრიარქის, ილია მეორის დანიშნულია და მისი გათავისუფლების საკითხს პატრიარქი გადაწყვეტს.

,,თუ ბოტკოველი გადათქვამს თავის სიტყვას და დაბრუნდება პოსტზე, მაშინ, მომიწევს ყველა იმ დეტალის გახსენება, რაც მას ჩადენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის პერიოდში" - აცხადებს მამა გრიგოლი. ის სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მოძღვარი იყო.

მიქაელ ბოტკოველის პოზიცია მამა გრიგოლის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ ვერ მოვიპოვეთ

Print

სტატიის გამოყენების პირობები