ახალი ამბები
იური გაგარინის მეგობრები სოფელ არგვიციდან დევნილთა კოტეჯებში და ომის ტრაგედია
ირაკლი ტუხაშვილი და ალექსანდრა კოზმანოვა დღეს შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.

55 წლის წინ, საბჭოთა კოსმონავტის იური გაგარინის წყალობით შექმნეს ოჯახი.

1962 წელს სოფელ არგვიცში (პატარა ლიახვის ხეობაში) ახალშობილ ვაჟს მეგობრის ხსოვნის საპატივსაცემოდ იური დაარქვეს.

გაგარინის მოსახელე შვილი, 90-იანი წლების დასაწყისში, ოს გოგონაზე დაქორწინდა. მალე ქართულ-ოსური კონფლიქტიც დაიწყო, თუმცა, გართულებულ მდგომარეობას მათ ურთიერთობაზე არ უმოქმედია.

სამაგიეროდ, 2008 წლის აგვისტოს ომმა დიდი ტრაგედია მოუტანა.

იური ტუხაშვილის შვილი, სოფლის დატოვების დროს, ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა. ბებიას და პაპას, მანქანაში მსხდომი სხვა შვილიშვილები, უვნებლად გადაურჩნენ.



ფოტოზე: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფლის დატოვებისას ავარიაში გარდაცვლილი შვილიშვილი




ფოტოზე: ალექსანდრა კოზმანოვა და ირაკლი ტუხაშვილი შავშვების კოტეჯებში




ფოტო: ალექსანდრა კოზმანოვასა და ირაკლი ტუხაშვილების ოჯახის წევრები სოფელ არგვიცში




ი, 38-ე კოტეჯი

შავშვების დევნილთა დასახლების 38-ე კოტეჯი გაზაფხულიდან გამორჩეულია. შესასვლელ ჭიშკართან ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები ხარობს.

ნაკვეთში ვაზის რამდენიმე მწკრივია, ხეების სიმაღლე უკვე კოტეჯის სახურავზე მაღალია. სახლის შესასვლელში ხის შუშაბანდია გაკეთებული.

ომის შემდეგ აშენებულ კოტეჯში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ტელევიზორი, სავარძლები, მაგიდა ისეა მოწყობილი, მოხუცების სიმყუდროვეს, მხოლოდ, კატის, სახელად ,,სოფოს" ხმა არღვევს.

,,უკვე შვიდი წელია აქ ვცხოვრობთ, შევეგუეთ, მოვიწყეთ ნაკვეთიც, მაგრამ ამ დრომდე ვერ დავიმტკიცეთ" - ამბობს ალექსანდრა კოზმანოვა.

ბერულას საჯარო სკოლაში ალექსანდრა (შურა) კოზმანოვა 43 წელი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ვიდრე ფიზიკურად შეეძლო, ვისაც სურვილი ჰქონდა, რუსულ ენას ასწავლიდა. ამჟამად, უკვე ავადმყოფოს გამო, ვეღარ ახერხებს.



55 წლის წინ - შეხვედრა ორენბურგში

ირაკლი ტუხაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორენბურგში სამხედრო სამსახურს გადიოდა. ის მფრინავთა კურსანტი იყო. მის სასწავლებელში იური გაგარინი სწავლობდა.

,,ჩემ გარდა კიდევ სამი ქართველი ვსწავლობდით, ბიჭები ვმეგობრობდით, მათ შორის, იური გაგარინთან. უქმეებზე ქალაქში გავდიოდით, კონცერტებს ვესწრებოდით. მოულოდნელად იური აღარ გამოჩნდა. ერთხელად რადიომ გამოაცხადა, რომ კოსმოსში იური გაგარინი გაფრინდა. მთელი სასწავლებელი სიხარულმა მოიცვა. მოვითხოვეთ მისი ნახვა. ჩამოიყვანეს კიდევაც ჩვენთან, დაგვალაპარაკეს, მაგრამ ისეთი დაცვა მოჰყვა, სცენიდან მალევე გაიყვანეს" - იხსენებს ირაკლი ტუხაშვილი.

,,იური გაგარინს უყვარდა ჩემი მეზობელი და მეგობარი გოგონა, ვალია. დაქორწინდა კიდეც მასზე. იური გაგარინის წყალობით ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი" - ამბობს ალექსანდრა კოზმანოვა - ,,ერთხელაც, კონცერტი ჩავატარეთ სამხედრო ნაწილში. ახალი წლის ღამე იყო. ისე მოხდა, რომ ცეკვის დროს, წყვილებს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. სწორედ ამ კოცნით დამაბა ამან" - ყვება ალექსანდრა.








რეისი: ორენბურგი-თბილისი

სამხედრო ნაწილიდან გაზაფხულზე ირაკლი ტუხაშვილი 1962 წელს საქართველოში გამოუშვეს. მშობლიურ სოფელში ოჯახის წევრები ეუბნებოდნენ, რომ ქართველ ქალზე დაქორწინებულიყო.

,,როგორც კი ვინმეს გაცნობას დააპირებდნენ, ავიღებდი ხოლმე თოფს და სანადიროდ მივდიოდი; რომ როგორმე გული გადამეყოლებინა. ყველას ვეუბნებოდი, რომ შურა მიყვარდა. ერთმანეთს წერილებს ვწერდით. იმის გამო, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, ცოლად მოყვანას ვერ ვახერხებდი" - ამბობს ირაკლი.

ექვსი თვე რომ გავიდა, ალექსანდრამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო.

,,მე ვუთხარი, რომ მოვდივარ საქართველოში და აეროპორტში დამხვდი. არ მინდოდა არც კარგი ცხოვრება და არც კეთილდღეობა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ მასთან ვყოფილიყავი" - გვითხრა ქალბატონმა შურამ.

აეროპორტში ირაკლი ტუხაშვილი მომავალ მეუღლეს სამოქალაქო ფორმაში დახვდა. ალექსანდრამ შორიდან ვერ იცნო. ჩვეულებრივ ბარგის მისაღებ განყოფილებისკენ წავიდა და ჩანთებს დაელოდა.

,,ამ დროს, უკნიდან მივეპარე და თვალებზე ხელი ავაფარე. ისეთ დღეში ჩავარდა, ეგონა, ვინმე უცხო მიეპარა. როცა დამინახა, ჩვენი სიხარულის მოწმე უამრავი ადამიანი გახდა. " 



ვალია და იური გაგარინი

მას შემდეგ, რაც იური გაგარინი და ვალია მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, მეგობრებს ისინი აღარ უნახავთ. საბჭოთა კოსმონავტის სიკვდილის შემდეგ, ალექსანდრას მიწერ-მოწერა ჰქონდა ვალიასთან.

,,შვილებსაც ვიცნობდი. მათი უფროსი გოგო აპირებდა ჩემ გზას გაყოლოდა და ტანმოვარჯიშე გამხდარიყო. მე და ვალიას მიწერ-მოწერა დიდი ხანი გვქონდა. იური გაგარინის სიკვდილის შემდეგ ორჯერ დაოჯახდა. მერე დროთა განმავლობაში, ემოციები მინელდა. წერილებსაც იშვიათად ვწერდით."

Print

სტატიის გამოყენების პირობები