ახალი ამბები
გორის ბატალიონის მონაწილეობით თბილისის დაცვის დროს ტყვედ 1600 წითელარმიელი ჩაიგდეს
ფოტოზე: სახალხო გვარდის წევრები

1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, თბილისის დასაცავად 20 ათასამდე ადამიანი იბრძოდა, რაც თითქმის 3-ჯერ ჩამოუვარდებოდა წითელი არმიის შემადგენლობას.

თბილისის მისადგომებთან გორის ბატალიონიც იბრძოდა. გენერალ მაზნიაშვილს, სოღანლუღთან, მტკვრის მარჯვენა ნაწილი რკინიგზის ხაზამდე მათთვის ჩაუბარებია. გორის ბატალიონის მონაწილეობით, 20 თებერვალს, წითელარმიელებმა სოღანლუღიდან იაღლუჯამდე დაიხიეს უკან.

ამ ოპერაციის დროს, 1600 წითელარმიელი ტყვედ ჩავარდა.

სამხედრო ისტორიაში ეს დღე ასეა აღწერილი:

1921 წლის 19 თებერვალს, შეუადღეს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა, თავი მიანებეს თბილისის სადარაჯო ათასეულის წინააღმდეგ ბრძოლას და, მთელი ძალებით, გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია.

გორის ბატალიონის დახმარებას, სადარაჯო ათასეული, სანგრებიდან სროლით ცდილობდა. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისათვის ბრძოლაში, კვინიტაძის ბრძანებით, გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო, ვალიკო ჯუღელის მიერ მიყვანილი ჯავშანმანქანების დახმარებით სოღანლუღის სადგურიდან წითელარმიელები უკუაგდეს.

დაახლოებით 3 სთ-დან 4-ის ნახევრამდე გენერალმა მაზნიაშვილმა სადარაჯო ათასეულის დისლოკაციის ადგილზე გადაინაცვლა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა. იგი შიშობდა, რომ მოწინააღმდეგე ძირითად მიმართულებას შეცვლიდა და მარჯვენა ფლანგს შეუტევდა, სადაც მე-9 ათასეული იყო განლაგებული. თუმცა ეს შიში არ გამართლდა.

მოწინააღმდეგე კვლავ ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელთა პოზიციების გარღვევას.

გამთენიისას, 20 თებერვალს, წითელარმიელების მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ სადარაჯო ათასეული იერიშზე გადავიდა. გორის ბატალიონიც სანგრებიდან ამოვიდა. მას სარეზერვო ბატალიონიც შეუერთდა. დაიკავეს თავდაპირველი პოზიციები, რომელიც მანამდე საყარაულო ათასეულის რაზმს ეკავა. წითელარმიელებმა უკან, იაღლუჯის მიმართულებით დაიხიეს. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.

1919 წლის მონაცემებით, მენშევიკურ მთავრობის სახალხო გვარდიაში ქართლის ორი ბატალიონი იყო.

ქართლის I ბატალიონი (გორი, ცხინვალი და ქვემოჭალა) – 81 კაცი მშვიდობის შტატი და 750 კაცი ომის შტატი
ქართლის II ბატალიონი (ხაშური და ბორჯომი) – 71 მშვიდობის შტატი და 600 კაცი ომის შტატი

 


წყარო: სამხედრო ანალიტიკური საიტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები