ახალი ამბები
პრეზიდენტმა რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივა შესთავაზა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან ერთად, რეგიონებიდან მიწვეულ, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა.

მარგველაშვილმა მიმართვაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ახლებური მიდგომების და ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამ ხედვის შესაბამისად, პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს აპარატს დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა საზოგადოებასთან ერთად ჩამოყალიბდეს, რა არის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები, როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს.

„დღეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არის მცდელობები ნაბიჯები გადაიდგას კიდევ უფრო შორს, მისი ანექსიისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითათბიროთ, გავერთიანდეთ და შევთანხმდეთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვამდე. სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას საკუთარი მიწა-წყლის, მაგრამ არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესის დაცვაში. ერთი მხრივ, შეიარაღებული ძალები, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთი მდგრადობის ირგვლივ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო თავდაცვისუნარიანი უნდა გახადოს. შეიარაღებული ძალები არ არის მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ერთადერთი ფორმა, არამედ ყველა საზოგადოებრივ -პოლიტიკური ინსტიტუტი უნდა იყოს თანხმობაში, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა." - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დისკუსია, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, არის მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიაროს აზრები, თუ რანაირად და როგორ გაერთიანდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი, შეიარაღებული რესურსი, ერთიან ძალიან მდგრად სისტემაში, რომელიც ნებისმიერ მტერს აფიქრებინებს, ღირს თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა.

ამ დისკუსიაში რეგიონული მედიაც იყო ჩართული. 

დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი ნოდარ ხარშილაძე და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები