ახალი ამბები
კომპანიის ხელმძღვანელი: ,,კორპუსს ჩემი გაკეთებული სახურავი არ დაზიანებია"
გორში, გრიბოედოვისა და ცაბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სამუშაოები კომპანია ,,საქკურორტმშენის გორის სამმართველომ" შეასრულა

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

მერიის წარმომადგენლის ცნობით, სახურავის შეკეთება 2016 წლის ივნისში, გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია და ტენდერის გარეშე ჩატარდა.

,,ეს სამუშაოები ჩატარდა ივნისში, ამინდები იყო ცუდი, წყალი ჩადიოდა ბინებში" - ამბობს მურაზ შიოშვილი, შესყიდვების განყოფილების უფროსი.

მისი თქმით, ვიდრე ტენდერი გამოცხადდებოდა და გამარჯვებული გამოვლინდებოდა, მოსახლეობა ვერ დაიცდიდა.

,,ამიტომ, ნებართვა შესყიდვების სააგენტოსგან ავიღეთ და დავდეთ ხელშეკრულება ,,საქკურორტმშენთან" - განმარტავს შიოშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი იოსებ ახობაძე ამბობს, რომ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მან მხოლოდ სახურავის დაზიანებული ნაწილი გამოცვალა.

,,იმ დროს ქარისგან რაც დაზიანებული და ახდილი იყო, ის გამოვცვალეთ. ამჟამად დავათვალიერე სახურავი, სურათებიც გადავიღე, ჩემი გაკეთებული სახურავი ადგილიზეა. ამჟამად, ქარმა სხვა ნაწილი ახადა. იქ მე არავითარი შემხებლობა მქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც მე მომიწევს პასუხისმგებლობა" - აცხადებს იოსებ ახობაძე.

დღეს ეს სახურავი ქარმა კიდევ ერთხელ ახადა და სამშენებლო მძიმე მასალები კორპუსის ეზოში ჩაცვივდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კოსპუსის ეზოში ძველი ხის კოჭებია ჩამოყრილი, რომელსაც მთლიანი კონსტრუქცია ჩამოყვა.

ახობაძე ამბობს, რომ სწორედ ხის ძველი კოჭებია გადატეხილი.

,,შარშან როდესაც დავიწყეთ შეკეთება, კონსტრუაქცია ატეხილი იყო მეორე მხრიდან. დავიწყეთ გამოცვლა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიზუალურად რაც დავინახეთ, ის გამოვცვალეთ. საუბარია, დაზიანებულ ადგილზე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც არც პროექტია შედგენილი და არც შესაბამისი დოკუმენტაცია იყო წარდგენილი." - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შესაბამისმა სპეციალისტებმა განუცხადეს, სახურავის სრულად რეაბილიტაციის მიზნით, პროექტი უნდა შედგენილიყო, შემდეგ, ამ პროექტის საფუძველზე ტენდერი გამოცხადებულიყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაფხულში დროებით გამაგრებულმა სახურავმა მაინც ვერ იმუშავა, რადგან კვლავ წყალი ჩავიდა ბინებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები