ახალი ამბები
გორის ზოოპარკიდან ორ დათვს ზოოცენტრში გადაიყვანენ
დღეს, ,,ახალბაღის" ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზოოცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ესაუბრა.

სპეციალურ შეხვედრაზე ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე განთავსებულ მინიზოოპარკისა და მისი ბინადრების საკითხი განიხილეს.

ირმა მთიულიშვილის თქმით, ზოოცენტრის წარმომადგენლებმა გორის მინიზოოპარკის ხელმძღვანელობას დათვების გადაყვანა შესთავაზა.

,,გადაწყდა, რომ ორ დათვს ზოოცენტრში წაიყვანენ, მესამე დათვს ორი ბელი ჰყოლია და მას დაიტოვებენ." - გვითხრა ირმა მთიულიშვილმა.

მინიზოოპარკის წარმომადგენელს ისიც ურჩიეს, რომ ტურა ტყეში გაუშვან. მაიმუნები უკვე თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

,,მიდის მდგომარეობა იქამდე, რომ საბოლოოდ დაიხუროს ეს ე.წ. ზოოპარკი. აქ ცხოველების მოთავსება არ შეიძლება. არანაირი სტანდარტი, უსაფრთხოების პირობები არ არსებობს. ასე დატყვევება ცხოველების არ შეიძლება" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

შეხვედრას გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

მერია ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები