ახალი ამბები
გამგეობაში ახალი ექსპედიციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ახალი ექსპედიციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

პროექტის პრეზენტაცია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში გაიმართა. მას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრი იწყებს ახალ ექსპედიაციას, რომელიც პროექტის „ტურისტული გზამკვლევი მუნიციპალურ სოფლებში“ ფარგლებში განხორციელდება.

გამგეობის ინფორმაციით, ექსპედიციის მიზანია სპეციალური კითხვარის მიხედვით შესწავლილი იქნეს გორის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტურისტული პოტენციალი, რის შემდეგაც ცალკეული თემების მიხედვით შემუშავდება ტურისტული გზამკვლევი თანდართული სპეციალური რუკის მიხედვით.

გზამკვლევი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ სტუმრობას გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები