ახალი ამბები
სკოლებს ,,თავისუფალი გაკვეთილების" ჩასატარებლად გრანტს სთავაზობენ
ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს.

ის მასწავლებლების, დირექციის, ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე გადანაწილდება.

ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა.

მისი თქმით, ,,თავისუფალ გაკვეთილებში” ჩართულები იქნებიან VII-VIII კლასის მოსწავლეები.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს:

მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.

„თავისუფალი გაკვეთილები“ - ესაა ახალი, მაშტაბური პროექტი, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

● სპორტული აქტივობები

● წიგნიერების განვითარება

● კულტურა/ხელოვნება

● ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები

სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ მიმართულებებში-არაუმეტეს 20-20 საათისა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები