ახალი ამბები
კასპის გამგეობამ ევროპის საბჭოსგან 18 ათასი ევროს ღირებულების გრანტი მიიღო
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ევროპის საბჭოსგან 18 ათასი ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

ამის თაობაზე ხელშეკრულებას გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გუშინ საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, როგორც კი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, გრანტის მიღების თაობაზე, თანხმობას განაცხადებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ევროპის საბჭოს საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალეობაში“ დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებმაც გაიმარჯვეს.

აქცენტი მთიან დასახლებებზე გაკეთდა.

ხელშეკრულება, რომელსაც გოჩა გოჩიტაშვილმა მოაწერა ხელი, გულისხმობს პროექტს - ,,ინფორმირებული მოქალაქე - ძლიერი თვითმმართველობა“.

პროექტის მიზანია თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობით და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა.

,,პროექტის ფარგლებში ჩვენი მუნიციპალიტეტის 6 თემში გაიხსნება საინფორმაციო საბჭოები, რომლის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის სავაჭრო შესაძლებლობებზე, მიაწოდებენ ინფორმაციას" - გვითხრეს გამგეობაში.

ასეთი ცენტრები შემდეგ სოფლებში: ახალქალაქში, წინარეხში, ქვემო ჭალაში, ოკამში, კოდისწყაროსა და კავთისხევში გაიხსნება.

თითოეულ ოფისში ადგილობრივ მოსახლეობას სამი ადამიანი მოემსახურება. შეხვედრის ადგილები თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აღიჭურვება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები