ახალი ამბები
კასპის მაჟორიტარი დეპუტატი რაიონში ყოფნისას მანქანას ბიუჯეტის ფულით ქირაობს
კასპში, თერთმეტი დღის მომსახურების სანაცვლოდ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ირაკლი მეზურნიშვილმა მსუბუქი ავტომანქანა 1250 ლარად იქირავა.

ამის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი მისი ბიუროს ხელმძღვანელს, ზურაბ გზირიშვილსა და კერძო პირს შორის 2016 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნულია, რომ კასპში ყოფნისას, დეპუტატს მსუბუქი ავტომანქანა 2016 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჭირდებოდა.

,,საწვავით უზრუნველყოფს დამქირავებელი" - წერია ხელშეკრულებაში.

ავტომანქანა (Volkswagen Passat) ეკუთვნის მიხეილ ცინცაძეს. (თავდაპირველ ვერსიაში გვეწერა, რომ ის რაიონის ყოფილი პროკურორის, ამჟამად, ცნობილი ადვოკატის ნოდარ ცინცაძის ძმაა, თუმცა, მცდარი აღმოჩნდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით)

2017 წლის 17 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი მეზურნიშვილს საკუთრი ავტომანქანა არ ჰყავს.

საპარლამენტო ბიუროს ოფიციალური ფეისბუქის ცნობით, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ირაკლი მეზურნიშვილი და აპარატის უფროსი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ, თუმცა, დაკონკრეტებული არაა სოფლების რაოდენობა.

,,კასპის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი ანრი ოხანაშვილი პირადად ეწვივნენ კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, მათ მიულოცეს დამდეგი შობა -ახალი წელი და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. რითიც სიხალისე და მომავლის იმედი მოუტანეს თითოეულ ოჯახს."


Print

სტატიის გამოყენების პირობები