ახალი ამბები
მეფუტკრეთა კოოპერატივებს ახალ პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობენ
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
დაიწყო
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) მიმდინარეობს,
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდე გაგრძელდება.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში
კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული
სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12
ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა
მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა
არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი დანა
ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.
პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი
აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს,
რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება
გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით.
კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ
შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში.
მონაწილე ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების
დანერგვასთან დაკავშირებით.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების
მიღებიდან 2 წლის ვადაში.
პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე
მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის
პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის
მიკვლევადობის უზრუნველყოფა.
სტატიის გამოყენების პირობები