ახალი ამბები
სურამის სადაბო პოლიკლინიკამ „მედიცინის სიამაყის" წოდება მიიღო
სურამის სადაბო პოლიკლინიკას წოდება ,,მედიცინის სიამაყე" მიანიჭეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

შპს ,,სურამის სადაბო პოლიკლინიკა" ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების ფინანსურ-ეკონომიკური რეიტინგების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის" წარმომადგენლებმა პოლიკლინიკის ადმინისტრაციას აცნობეს, რომ საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით მათ ე.წ. ვერცხლის რეიტინგი მოიპოვეს;

ხოლო შიდა ქართლის საწარმოებს შორის ფინანსურ -სამეურნეო საქმიანობის მიხედვით, „დაქირავებულთა რაოდენობის“ სფეროში - ბრინჯაოს რეიტინგი მიიღეს.

რანჟირება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ფულადი და სხვა სავალდებულო გადასახადების საფუძველზე ჩაატარეს.

პოლიკლინილიკის ხელმძღვანელი მაყვალა მაისურაძე ეკონომიკის ლიდერთა დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიებზე მიიწვიეს. თბილისსა და ლვოვში (უკრაინა) ცერემონიებს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაწილე ქვეყნების ყველაზე წარმატებული კომპანიები დაესწრებიან.

სურამის სადაბო პოლიკლინიკა ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა.

სამედიცინო ცენტრის რემონტისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 95 980 ლარი გამოყო, 2016 წლის განმავლობაში მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარეს.

პოლიკლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე ექოსკოპიის აპარატურა, რომელიც პოლიკლინიკას ხაშურის საკრებულოს წევრის, სურამის მაჟორიტარი დეპუტატის, ირინე გელაშვილის ინიცირებით გადაეცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები