ახალი ამბები
ცხინვალელი ჟურნალისტი ვასილ საბანაძე 84-წლის ასაკში გარდაიცვალა
ჟურნალისტი ვასილ საბანაძე, რომელიც დევნილობაში, გორში ცხოვრობდა, 84-წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ მწუხარებას, განსაკუთრებით, ცხინვალიდან გასული საუკუნის 90-იან წლებში დევნილი მოქალაქეები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები გამოთქვამენ.

,,წავიდა ერთი პატარა ქალაქის წარსულისა და აწმყოს მემატიანე და თან წაიღო ცხინვალში ვერდაბრუნების უსაზღვრო სევდა" - ასე ეხმაურება ნანა საბანაძე, ვასილ საბანაძის შვილი.

ვასილ საბანაძე, ცხინვალში, 1992 წლამდე გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის" რედაქტორი იყო. მაშინდელი ქართული პრესის ცნობით, მან და სხვა თანამშრომლებმა გაზეთის გამოცემა დროებით შეაჩერეს, გაიფიცნენ, რადგან არ უნდოდათ, როგორც მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების, ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებების ფონზე მუშაობა.

ვასილ საბანაძემ გადაწყვიტა, რომ ,,სამხრეთ ოსეთის" ბაზაზე ახალი გაზეთი ,,ჩვენი სამკვიდრო" დაეფუძნებინა. თუმცა, სტამბამ ამ სახელწოდების გამოცემაზე უარი თქვა.

საომარი მოქმედებების გაჩაღების შემდეგ, გორში, ვასილ საბანძემ ცხინვალიდან დევნილი ადამიანები, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები, პრესის წარმომადგენლები გააერთიანა და საგამომცემლო საქმიანობა გააგრძელა.

ის გაზეთ ,,შიდა ქართლის" რედაქტორი გახდა, რომელსაც პერიოდული დამატებები ,,ცხინვალის სამრეკლო" და ,,ცხინვალის მაცნე" ჰქონდა.

ამ გამოცემებში ცხინვალიდან დევნილი ადამიანები წერდნენ მოგონებებს, იხსენებდნენ ადამიანებს, ვისთანაც ერთად მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. იბეჭდებოდა წარსული ცხოვრების მასალები, ქვეყნდებოდა ცხინვალის ძველი ფოტოები. ის ცხინვალის ინტელიგენციის წარმომადგენლების გამაერთიანებელ გამოცემად ითვლებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები