ახალი ამბები
გუგუტიანთკართან შს სამინისტროს თანამშრომელი გაუჩინარდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკართან პოლიციის თანამშრომელი გაუჩინარდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერეთის თემის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

სოფლის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად, რა ადგილზე მოხდა დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ცხელი ხაზის მეშვეობით, დეტალებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც არკვევენ.

პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელია. 

,,როგორც მე თანასოფლელებმა მითხრეს, ის ბიჭი ვარჯიშობდა, დანარჩენებმაც არ იციან, რა ადგილზე დააკავეს. ადგილობრივი მკვიდრი არ არის" - ამბობს სოფლის წარმომაგენელი.

გუგუტიანთკართან მდებარე საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები მორიგეობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები