ახალი ამბები
ცხრამუხაში მორაგბეთათვის სტადიონი გაკეთდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მორაგბეთა სტადიონი მოეწყობა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის შტაბიდან აცნობეს.

შტაბის წარმომადგენლის ცნობით, სტადიონის მოსაწყობი ადგილი დღეს სტუმრებმაც მოინახულეს.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაიონს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, დეპუტატები ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე და კობა კობალაძე ესტუმრნენ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა ,,ივერიის" სტადიონი აჩვენა და მისი რეაბილიტაციის საშუალებებზე იმსჯელეს.

,,ამ ეტაპზე ცხრამუხაში მოეწყობა მორაგბეთა სტადიონი, შემდგომში დაიგეგმება და ხაშურის ივერიის სტადიონის ადგილზე აშენდება თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სტადიონი." - აცხადებს სიმონ ნოზაძე.

ცხრამუხა ხაშურიდან 3 კმ მანძილზე, ბორჯომის გზაზე, მდებარეობს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები