ახალი ამბები
ცხინვალში კოკოითის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მხარდამჭერებმა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ, გააპროტესტეს და მიტინგი გამართეს.

ადგილობრივი პროკურატურის განცხადების მიუხედავად, კოკოითის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მსვლელობა უმაღლეს სასამართლომდე მოაწყეს.

ცხინვალის შს სამინისტროს ხელმძღვანელის, ახსარ ლავოევის განცხადებით, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მილიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მობილიზაცია გამოაცხადეს.

კოკოითმა მიტინგის დამთავრებისას მხარდამჭერებს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობისკენ მოუწოდა. ,,წავიდეთ უზენაესი სასამართლოსკენ მშვიდად და ყოველგვარი არეულობის გარეშე" - უთხრა მან.

2017 წლის 4 მარტს, ცხინვალის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ედუარდ კოკოითს საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადეს.

კოკოითის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რადგან, მათი აზრით, საარჩევნო კომისიას შს სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ახსარ ლავოევის უწყების ინფორმაციით, კოკოითი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.

მხარდაჭერები მოსამართლეს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

ამ დროისთვის ოფიციალურად, საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებულია: ლეონიდ თიბილოვი - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი. ანატოლი ბიბილოვი - დე-ფაქტო პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე. ალან გაგლოევი - დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მოქმედი წარმომადგენელი.







Print

სტატიის გამოყენების პირობები