ახალი ამბები
ცხინვალის უმაღლესმა სასამართლომ კოკოითის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების უმაღლესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ოსური მედიის ცნობით, 9-საათიანი განხილვის შემდეგ, სამმა მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად  წარდგენას ითხოვს.

2017 წლის 4 მარტს ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა. ადგილობრივი შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, კომისიამ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოფილი პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა.

კოკოითი ირწმუნება, რომ სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა კომისიას ყალბი მონაცემები მიაწოდა.

უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მანამდე კოკოითის მხარდამჭერებმა არასანქცირებული მიტინგი გამართეს, შემდეგ, მსვლელობა უმაღლეს სასამართლომდე გამართეს. ცხინვალის მთავრობის მტკიცებით, კოკოითმა მათი რესპუბლიკის მშვიდობიან ცხოვრებაში დაძაბულობა შეიტანა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო მთავრობის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი 21 მარტს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ კითხვაზე, პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარი კანონმდებლობით მოქმედებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები