ახალი ამბები
ნიქოზელ შურა მჭედლიძეს ომის დროს ცხინვალიდან დაეხმარნენ
82-წლის შურა მჭედლიძე სოფელ ნიქოზში მარტო ცხოვრობს. 

ამჟამად, სოციალური დახმარება მოუხსნეს. ერთადერთი შვილი რუსთავში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და აზოტის ქარხანაში მუშაობს.

იმის გამო, რომ ქარხანას დღეს პრობლემები აქვს და მუშების ხშირი გაფიცვაა, ის დედასთან ხშირად ვეღარ მიდის.

შურა მჭედლიძე წუხს, რომ ზოგ შაბათ-კვირას შვილი სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებს.

მისი საცხოვრებელი სახლი სოფლის განაპირას დგას. სასაფლაოზე კი, ხშირად დადის, რადგან ერთ-ერთი შვილი ომის წინა პერიოდში დაეღუპა.

სასაფლაოდან კი, ცხინვალი ჩანს.

,,ცხინვალის ბაზარში მივდიოდი ხოლმე, მიმქონდა ყველი, რძე, მაწონი, ხილი. იქ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავდა. ჩემ გვერდით ვინც იდგნენ ხოლმე, დავუახლოვდი და ძალიან დიდ პატივს მცემდნენ" - გვეუბნება შურა მჭედლიძე.

,,ჩემი შვილის გარდაცვალების გამო ძალიან შეწუხდნენ. ომი რომ დაიწყო და სოფელში რუსი სამხედროები შემოვიდნენ, აქედან ჩვენც წავედით. მერე როცა დავბრუნდით, ერთმა ჩემმა ნაცნობმა, ვისთანაც ერთად ბაზარში ვიყავი ხოლმე, ფული გამომიგზავნა. იმ ქალს არც ვიცნობდი. მითხრა, ამან და ამან გამოგიგზავნაო. მის მერე თვალით არ მინახავს. ტელეფონი კი, მაქვს, მაგრამ არც დარეკვა შემიძლია. თუ მნახავს ინტერნეტით, ძალიან გაუხარდება" - ამბობს ქალბატონი შურა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები