ახალი ამბები
კოკოითის მომხრეების აქცია ცხინვალში (VIDEO)
სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი" დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ედუად კოკოითის მომხრეების საპროტესტო აქციის კადრებს ავრცელებს.

მიტინგი 2017 წლის 14 მარტს ცხინვალში გაიმართა.

მიუხედავად საპროტესტო მუხტისა, ცხინვალის უმაღლესმა სასამართლომ კოკოითის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს.

ოსური მედიის ცნობით, 9-საათიანი განხილვის შემდეგ, სამმა მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას ითხოვს.

2017 წლის 4 მარტს ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა. ადგილობრივი შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, კომისიამ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოფილი პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა.

კოკოითი ირწმუნება, რომ სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა კომისიას ყალბი მონაცემები მიაწოდა.

თავდაპირველად, კოკოითის მხარდამჭერებმა არასანქცირებული მიტინგი გამართეს, შემდეგ, მსვლელობა უმაღლეს სასამართლომდე მოაწყეს.

ცხინვალის მთავრობის მტკიცებით, კოკოითმა მათი რესპუბლიკის მშვიდობიან ცხოვრებაში დაძაბულობა შეიტანა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო მთავრობის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი 21 მარტს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ კითხვაზე, პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარი კანონმდებლობით მოქმედებს.

ოფიციალურად, 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: ლეონიდ თიბილოვი - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი. ანატოლი ბიბილოვი - დე-ფაქტო პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე. ალან გაგლოევი - დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მოქმედი წარმომადგენელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები