ახალი ამბები
,,სიმ-ბოქსების" საქმეზე შემოსავლების სამსახურმა რამდენიმე პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები.

ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ - ბოქსი“ ამოიღეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა - „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე.

,,შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა როგორც ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად იბეგრება აქციზის გადასახადით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ს. ს. კ. 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირების იდენტიფიცირების, ასევე უკანონოდ განთავსებული „სიმ-ბოქსები“-ს აღმოჩენის მიზნით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები