ახალი ამბები
ცხინვალში ,,საპრეზიდენტო" საარჩევნო მარათონი გრძელდება
,,კანონი და წესრიგი" - ასეთი იყო დღეს ანატოლი ბიბილოვის მიერ გამართული შეხვედრის გზავნილი ცხინვალში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე პრეზიდენტობის კანდიდატია.

მისი თქმით, ქვეყანა არ უნდა დაიყოს ,,თიბილოვისტებად", ,,კოკოითისტებად" და ,,ბიბილოვისტებად".

,,ჩვენ არ ვყოფთ ხალხს ჩვენს მომხრეებად და იმათ მომხრეებად. ეს დაუშვებელია. ჩვენი ქვეყანა ერთიანი და ძმურია" - განუცხადა ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ ჟურნალისტებს.

ის, ბოლო დღეებში, ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც, ყოფილი პრეზიდენტის ედურდ კოკოითის მომხრეებმა საპროტესტო აქცია მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადადგომის მოთხოვნით, გამართეს.

,,თუკი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ესე იგი, მას ამის საფუძველი ჰქონდა. თუკი, უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ესე იგი, მას უნდა დავემორჩილოთ" - აღნიშნა მან.

საქმე ეხება 2017 წლის 4 მარტს ცხინვალის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ედუარდ კოკოითს არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება არ მიეცა, რადგან, ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგულარულად არ ცხოვრობდა.

კოკოითმა გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამ ფაქტმა კოკოითის მომხრეების პროტესტი გამოიწვია და ხმაურიანი აქცია გამართეს.

კანდიდატები კანონს უნდა დაემორჩილნონ - განუცხადა მხარდამჭერებს ბიბილოვმა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალში 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. კანდიდატები არიან: ლეონიდ თიბილოვი, მოქმედი პრეზიდენტი; ანატოლი ბიბილოვი, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და ალან გაგლოევი, უშიშროების სამსახურის უფროსი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები