ახალი ამბები
ცხინვალში ერედვის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს
ერედვის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.

ჯერ კიდევ, 2007 წელს, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ადამიანებმა, დიმიტრი სანაკოევის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, პირველად შეძლეს ოცდაექვსი წლის წინ დაღუპული ოსი მოქალაქეების საფლავებთან მისვლა და პატივის მიგება.

დღეს კი, იქ, მხოლოდ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მივიდნენ.

1991 წლის მარტში მომხდარი ფაქტი ქართველებისთვის და ოსებისთვის ტრაგედიად რჩება.

ამ დღეს, ოსების მიერ მანქანაში 4 ქართველის დაწვის სამაგიეროდ, დმენისიდან-ცხინვალისკენ მიმავალი ავტობუსის 12 მგზავრი (მამაკაცი) ცოცხლად დამარხეს. ცხედრებს, მხოლოდ, 1993 წელს მიაგნეს.

ცხინვალის მედიის ცნობით, ავტობუსში 25 მგზავრი იმყოფებოდა. ქალებსა და ბავშვებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დიმიტრი სანაკოევის მთავრობაც საქართველოს ხელისუფლებისაგან ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვდა. ”პატიებისა და შერიგების აქცია” სწორედ მისი ორგანიზებით შედგა.

,,ჩემი მოწოდებაა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისადმი, ოსებისა და ქართველებისადმი, გვახსოვდეს ის, რაც მოხდა და დავიწყოთ მოძრაობა შერიგებისთვის. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, რათა ჩვენმა შვილებმა აღარ გამოსცადონ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთად მეგობრულად ცხოვრება. " - განუცხადა მაშინ სანაკოევმა რადიო ,,თავისუფლებას".





Print

სტატიის გამოყენების პირობები