ახალი ამბები
კოკოითის მომხრეებმა ცხინვალის მთავრობის შენობასთან აქცია მოაწყეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეებმა წუხელ ადგილობრივი მთავრობის შენობის შესასვლელი გადაკეტეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, კოკოითის მომხრეებმა უმაღლესი სასამართლოსა და საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალან ტეხოვის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

ცხინვალის უმაღლესმა სასამართლომ 2017 წლის 14 მარტს ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.

საარჩევნო კომისიამ ედუარდ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, რადგან, ადგილობრივი შს სამინისტროს მასალების მიხედვით, ბოლო წლებში, ყოფილი პრეზიდენტი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგულარულად არ ცხოვრობდა.

,,ჩვენი პრეზიდენტი დიალოგის მომხრე ყოველთვისაა. ამჟამად, ის რუსეთის ფედერაციაში იმყოფება, რადგან 21 მარტს პრეზიდენტ პუტინს უნდა შეხვდეს. " - განაცხადა ტეხოვმა.

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები