ახალი ამბები
სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზი მოინახულეს
სოფელ ხურვალეთში მცხოვრებმა დავით ვანიშვილმა, მიმდინარე წელს, ასამდე სტუმარი უკვე მიიღო.

დღეს, მას სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები ესტუმრნენ.

ამჯერადაც, დავით ვანიშვილმა ევროპელი სტუმრები სახლში მიპატიჟების გარეშე გაუშვა.

ეს იმიტომ, რომ საცხოვრებელი სახლი გამყოფი ხაზის, მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, რუს სამხედროებთან ერთად, აკონტროლებს.

უცხოელმა სტუმრებმა შიდა ქართლში ვიზიტი, გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისში, მის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყეს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის სპეციფიკას და ძირითადი საქმიანობის მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და ნორდიკულ ქვეყნებს (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია) შორის.

NB8 პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„მავთულხლართები და ბარიკადები, რომლის ნაწილი დღეს ჩვენმა პარტნიორებმა ნახეს, დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძისაა და ორ ოკუპირებულ რეგიონს იზოლაციაში აქცევს. ეს ხელოვნური ბარიერები ჰყოფს ოჯახებს, ისე, როგორც ამ სოფელშია, მათ აღარ აქვთ წვდომა დანარჩენ საქართველოსთან, გარესამყაროსთან. სოფელ ხურვალეთის მცხოვრები დათა ვანიშვილი საყოფაცხოვრებო და სამედიცინო საჭიროებებისთვის გადაადგილებასაც ვერ ახერხებს. მისთვის და იზოლაციაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურობის გამოწვევაა“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციამ ადგილზე ნახა, როგორ გამოწვევებთან და ჰუმანიტარულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომ სრულიად შეუთავსებელია ეს მახინჯი მავთულხლართები ცივილიზებული სამყაროს პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების კუთხით, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ჩამოსვლით დელეგაციამ გამოხატა ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები