ახალი ამბები
დღეს ლეონიდ თიბილოვი პუტინს შეხვდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბარი ცხინვალში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხება.

განა იანოვსკაიამ ცხინვალის მედიას განუცხადა, რომ ყურადღება, ასევე, ფინანსურ დახმარებასა და საპენსიო საკითხებზე გამახვილდება.

,,განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი იქნება სამედიცინო კუთხით ხელშეწყობა" -აღნიშნა მან.

მოსკოვში გამგზავრების ღამეს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეებმა გადაკეტეს.

20 მარტს ღამით, კოკოითმა ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლებს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ასევე, არც ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას.

თიბილოვის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ პუტინთან, 2017 წლის 9 აპრილს დაგეგმილი არჩევნების შესახებ, საკითხიც განიხილება, ასევე, ისაუბრებენ რესპუბლიკის სახელის შეცვლის თაობაზეც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები