ახალი ამბები
სადმელიდან ქვახვრელამდე - როგორ აღმოჩნდა რაჭიდან გაქცეული კომპანია ქართლში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ,,შავ სიაში" გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მომუშავე ,,არქიკულტურას" შეყვანას ითხოვს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

კომპანიას, რომელმაც შესყიდვების სააგენტოს ახსნა-განმარტებაც კი არ გაუგზავნა, მხოლოდ, ,,გაფრთხილება" მისცეს. 

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ,,არქიკულტურამ" ამბროლაურის რაიონში სასმელი წყლის სამუშაოები, უხარისხოდ შეასრულა.

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე იტყობინება, რომ ასეთი კომპანიისთვის ,,შავ სიაში" შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება არამართლზომიერი სასჯელი იქნებოდა.

,,არქიკულტურა" და გორი

,,არქიკულტურა" გორის რაიონში 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

2016 წლის 24 ივნისს სოფელ ქვახვრელში 880 000 ლარიანი სამუშაოები დაიწყო.

სასმელი წყლის გამართული სისტემა 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა ჩაებარებინა, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა ფოტოზეა (გადაღებულია 2017 წლის 21 მარტს) აღბეჭდილი.

იმ დროს, როდესაც ,,არქიკულტურამ" ქვახვრელის შიდა გზების გადათხრა დაიწყო, 2016 წლის 11 აგვისტოს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან  შესყიდვების სააგენტოს საგანგაშო ინფორმაცია აცნობეს.

კერძოდ, 2015 წლის ივლისს-ნოემბერში, სოფელ სადმელიში, კომპანია ,,არქიკულტურამ" სასმელი წყლის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაც გამოიხატა შემდეგში:

კლდეზე გაკიდებული ლითონის მილებზე არ იყო მოწყობილი ლითონის საყრდენები; წყალმიმღები კვანძები არ იყო სრულყოფილად მოწყობილი; არ იყო მოწყობილი წყლის დონის მარეგულირებელი ავტომატიკა.

შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,შავ სიაში" ამ კომპანიის შეყვანა მოითხოვა.

ამბროლაურის გამგებელი შესყიდვების სააგენტოს აცნობებს, რომ სადმელიში მიმწოდებელმა შეასრულა 318 059,60 ლარის ღირებულების სამუშაოები (ხელშეკრულების ღირებულების 81%).

,,განსახილველ შემთხვევაში, სააგენტო ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას (ხელშეკრულების ღირებულების 81%). ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, შპს „არქიკულტურის“ შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი და მიზანშეწონილია მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება." - წერია სააგენტოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2016 წლის სექტემბერში მიიღეს.

რაც შეეხება სოფელ ქვახვრელს, კომპანიის დირექტორმა სოფლის მოსახლეობასთან კამერების წინ პირობა დადო, რომ სოფელს წყალი 2017 წლის 31 მარტს ექნება.

თბილისის მერია და არქიკულტურა

ტენდერის გამოცხადებისსას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია ,,არქიკულტურას" დირექტორს რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაიიდან დადებითი რეკომენდაციების წარდგენა მოსთხოვა.

,,არქიკულტურამ" ვერც ამბროლაურის რაიონიდან და ვერც სხვა ორგანიზაციებიდან დადებითი რეკომენდაცია ვერ წარადგინა.

ერთადერთი რეკომენდაცია თბილისის მერიამ გასცა.





ფოტოები გადაღებულია 2017 წლის 21 მარტს; ობიექტი 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა ჩაბარებულიყო გორის გამგეობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები