ახალი ამბები
პატრულის თანამშრომელმა და ქვის საამქროს მენეჯერმა ვალის გამო იჩხუბეს - ნაცემია მოქალაქე
საპარტულო პოლიციის პარტულ-ინსპექტორს გიორგი ქავთარაძეს კომპანიის მენეჯერის ცემაში ადანაშაულებენ.

ამის გამო შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება 20 მარტს დაიწყო.

შეტყობინების მიხედვით, პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ქავთარაძემ შპს „AGI Group“ - ის მენეჯერს პერვინ მამედოვს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა ხაშურის რაიონის სოფელ აგარებში 2017 წლის 20 მარტს მოხდა.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ექვსი თვის წინ ქვის გადამამუშავებელი საამქროდან, სადაც მამედოვი მენეჯერად მუშაობს, „ნისიად“ ე.წ. შებელი (დამტვრეული ქვა) წაიღო, თანხა დღემდე არ დაუბრუნებია. დაპირისპირება სწორედ შებელის გადაუხდელი თანხის მოთხოვნისას მოხდა. გიორგი ქავთარაძემ პერვინ მამედოვს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თანაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“ - განმარტავს პერვინ მამედოვის ადვოკატი ზურაბ ელიაშვილი.

ფაქტზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) დაიწყო.

ქავთარაძე და მამედოვი ერთმანეთს სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდნენ, რომელიც სოფელ აგარებთან მდებარეობს. ადვოკატის განცხადებით, ფორმიანმა თანამშრომელმა საამქროს მენეჯერი ხელით სცემა, დაასისხლიანა და ცხვირი გაუტეხა.

ამის შემდეგ, ქავთარაძემ პატრულის სხვა ეკიპაჟს გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას მოქალაქემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია.

,,სამედიცინო ექსპერტიზა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩავუტარეთ და პასუხები მაქსიმუმ ერთ თვეში იქნება ცნობილი" - აცხადებს ადვოკატი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები