ახალი ამბები
სოფელ თვალადში ახალი საჯარო სკოლა შენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალაში საჯარო სკოლას აშენებენ.

კეთილმოწყობილი ოთახების გარდა, სპორტული დარბაზიც და მინი მოედანიც კეთდება.

შენობა ორსართულიანია და მისი რეაბილიტაცია ზაფხულამდე დამთავრდება.

ახალი სკოლის დიზაინის შტრიხები თანამედროვე სტილისაა და ამასთან ფორმების სისადავეს უსვამს ხაზს. გათვალისწინებულია საბავშვო სათამაშო მოედნის, სპორტული დარბაზის და ორი სარეკრეაციო ზონის მოწყობა. თვალადის ახალი სკოლის პირველ სართულზე ექვსი საკლასო ოთახი და დაწყებითი კლასებისთვის ერთი კაბინეტი განთავსდება.

პროექტის მიხედვით, სკოლას ექნება ბიბლიოთეკა წიგნსაცავით და ინფორმატიკის კაბინეტი.

ბაქანი და პანდუსი ბაზალტის ქვით მოპირკეთდება. ბეტონის ფილის გადახურვაზე განსაზღვრულია ყავისფერი სენდვიჩპანელი.

,,უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობითა და დამოუკიდებელი წყალმომარაგებით" - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

საჯარო სკოლის მშენებლობას შპს ,,საბა კონტრაქშენი'' აწარმოებს, რომელმაც 2 442 987 ლარი უნდა აითვისოს.

თვალადის საჯარო სკოლაში 120 ბავშვი სწავლობს და 21 პედაგოგი მუშაობს.  სკოლით მეზობელი სოფლის, ეზატის ბავშვებიც ისარგებლებენ.

მანამდე, მოსწავლეები ძველ შენობაში აგრძელებენ სწავლას, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებლი ნიკო ცხვედაძე ბავშვობის წლებში ცხოვრობდა.

კასპის რესურს-ცენტრის დირექტორის რუსუდან მიგრიაულის განცხადებით, ძველ შენობას, სავარაუდოდ, ნიკო ცხვედაძის სახლ-მუზეუმის მოსაწყობად შეიანახევენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები