ახალი ამბები
,,ეს სტიქია არ იყო" - გორის გამგეობამ ქარის შედეგები შეისწავლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ქარმა ორ ოჯახს სახლის სახურავი დაუზიანა.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, თამაზ პეტრიაშვილს და გუჯა მჭედლიძეს ვერ დაეხმარებიან.

კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარების საფუძველი არ არსებობს, რადგან ფაქტი სტიქიურ მოვლენად არ შეფასდა.

,,გამგეობაში შექმნილი შესაბამისი კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამ საკითხზე და აღნიშნეს, რომ არ იყო ისეთი ძლიერი ქარი, რომ ის სტიქიურ მოვლენად შევაფასოთ" - გვითხრა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

კომისიის წევრებმა კონკრეტულად ნიქოზის საკითხი განიხილეს, რადგან სხვა სოფლებიდან მოთხოვნები არ შევიდა.

პეტრიაშვილმა და მჭედლიძემ განცხადებით ჯერ სოფლის გამგებელს, შემდეგ კი, გამგეობას მიმართეს.

,,პასუხად მივწერთ, რომ მათ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებით" - აღნიშნავენ გამგეობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები