ახალი ამბები
ქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენა 30 მარტიდან დაიწყება
გორის მერიამ, 2017 წლის 20 და 21 მარტს ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავის დროულად აღდგენისა და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროულად გასატარებლად, 50 000 ლარი გამოყო.

ამის შესახებ განკარგულებას მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დღეს 23 მარტს მოაწერა ხელი.

ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტების მიერ დაზიანებული სახურავების შემოწმების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამსახური ამ შეფასებამდე მივიდა.

50 000 ლარი თანადაფინანსების პროგრამიდან მოიხსნა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების მუხლში გადაიტანეს.

იმის გამო, რომ სამუშაოთა ღირებულება 5 ათას ლარზე მეტია, პირდაპირი შესყიდვის უფლება, მერიამ შესყიდვების სააგენტოსგან უნდა მოიპოვოს.

საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ზურაბ ჯირკველიშვილმა წერილი უკვე გაუგზავნა შემდეგი შინაარსით:

,,ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად დაზიანდეს საცხოვრებელი სახლები და გამოიწვიოს ნალექის ჩამოდინება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს სახლებში მცხოვრები მოსახლეობის ქონებას, ეს კი გამოიწვევს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, ამ შემთხვევაში ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციაა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა" - სწერს ქალაქის მერი მას.

სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლება თანხმობას უახლოეს ორ სამუშაო დღეში მიიღებს. შემდეგ ხელშეკრულება მერიის მიერ არჩეულ კომპანიასთან დაიდება და, ფაქტობრივად, გეგმის მიხედვით, სამუშაოები 30 მარტიდან დაიწყება.

20-21 მარტიის სტიქიის შედეგად დაზიანებულია შემდეგი საცხოვრებელი სახლების სახურავები:

ქალაქ გორში, აღმაშენებლის გამზირი N39, სტალინის გამზ N31, გორგასალის ქ N14, გორგასალის ქ N12, მშვიდობის გამზ. N20, სულხან-საბას ქ.N13, კასტელის ქ.N13, კასტელის ქ.N17, სკვერის ქ N3, თარხნიშვილის ქ.N18, სტალინის გამზ.N4, აბრამაშვილის ქ.N6, გორკის ქ N178 და მშვიდობის გამზ.N17 საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები