ახალი ამბები
საქონლის ახალი დაავადების - ნოდულარული დერმატიტის საკვლევი ლაბორატორია შეიქმნა
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.

მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა.

ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების კვლევის დანერგვაზე მუშაობენ.

კერძოდ, ლაბორატორიის სპეციალისტებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, სწავლება უტარდებათ.

FAO-ს წარმომადგენლები შესაბამის რეკომენდაციებს ქართველ სპეციალისტებს აძლევენ, ხოლო მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ბ-ნ, ორან ერსტერი უწევს.

სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც თბილისის, ასევე ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა.

ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტკონსულტანტის, ბიოლოგიის დოქტორის მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით.

ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას.

დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები