ახალი ამბები
გორში ,,დროას" ორგანიზებით ,,დედამიწის საათი" აღნიშნეს
დღეს, 20:30 საათზე, გორის თეატრის ეზოში ახალგაზრდებმა ,,დედამიწის საათი" აღნიშნეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დროას" ორგანიზებით, აქციის მონაწილეებმა ერთი საათის განმავლობაში უარი თქვეს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და სკვერი სანთლებით გაანათეს.

მათ მოუწოდეს სახელმწიფო სტრუქტურებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ერთი საათით გამოერთოთ არასაჭირო განათება სხვადასხვა შენობასა თუ კულტურულ ძეგლზე.

,,ეს გავაკეთეთ ეს ჩვენი მომავლისთვის, რადგან კლიმატის ცვლილება დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. თუმცა შესაძლებელია მისი გადალახვა თუ თითოეული ადამიანი, ორგანიზაცია და ქვეყანა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ იმოქმედოს ამ მდგომარეობის შესაცვლელად." - აღნიშნეს მათ.

,,დროამ" ღონისძიების შესახებ რამდენიმე დღით ადრე დააანონსა: ,,1 საათით მოწყდით საკუთარ კომპიუტერებს, სმარტფონებს, ტელევიზორებს და მოდით თეატრის ბაღში. გავუზიაროთ ერთმანეთს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამოცდილება და დავგეგმოთ ახალი კამპანიები."

დედამიწის საათი“ პირველად სინათლის ​ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებად სიდნეიში 2007 წელს ჩატარდა.

შემდგომში მრავალი ადამიანი გააერთიანა და საბოლოოდ იქცა მოწოდებად მოქმედებისკენ, რომელიც პლანეტაზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე პრობლემების მოგვარებას კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში უზრუნველყოფს.

წლების განმავლობაში „დედამიწის საათი“ მსოფლიოს უდიდეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა.

2017 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემაა კლიმატის ცვლილება, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას სამყარო.

კლიმატის ცვლილება დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, მაგრამ გარემოსდამცველების აზრით, შესაძლებელია მისი გადაჭრა თუ თითოეული ადამიანი, ორგანიზაცია და ქვეყანა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ იმოქმედოს ამ მდგომარეობის შესაცვლელად.



Print

სტატიის გამოყენების პირობები