ახალი ამბები
გორში სასტიკად ნაცემი ძაღლი ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს
სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტიკად ნაცემი ძაღლი ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს.

გამვლელებმა ძაღლის ხმა გაიგეს და ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ.

თავშესაფრის ხელმძღვანელი თამარ აფციაური ნანახით გაოგნებული დარჩა.

ძაღლს ძვლები ჰქონდა დამტვრეული. სასწრაფოდ, თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა, ვერ გადაარჩინეს.

,,უმოწყალოდ ნაცემი ძაღლი, რომელსაც თვალებიდანაც კი სდიოდა სისხლი, ტომარაში მოთავსებული ნაგვის ბუნკერში ჩაუგდიათ, იმ იმედით, რომ ზევიდან კიდევ დააყრიდნენ ნაგავს და სამუდამოდ დაადუმებდნენ ცხოველს, რომელიც ტირილით ,,აწუხებდა" გამვლელებს. ძლივს მოვახერხეთ ბუნკერიდან ამოყვანა და თავშესაფარში გადაყვანა, სადაც ჩაუტარდა რიგი პროცედურებისა, მაგრამ შეუძლებელი იყო განწირული ძაღლის გადარჩენა, ღამის 3 საათზე შეწყვიტა არსებობა" - აცხადებს თამარ აფციაური.

მისი თქმით, გორში, მსგავსი შემთხვევები ხშირია.

ძაღლის ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში თამარ აფციაურმა გამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) დაიწყო.

ცხოველთა დამცველები ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები