ახალი ამბები
მეფუტკრეებს ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ატრენინგებენ
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მეთხილეობის დარგისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს და მეფუტკრე ფერმერებს  ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გააცნეს.

საქართველოში სპეციალურად მოწვეულმა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციური მეხილეობის ენტომოლოგმა გრეგორას კრავჩიკმა ფერმერებს მავნებელთან ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. ყურადღება გამახვილდა პრეპარატების გამოყენებისას ვადების და უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

„აზიური ფაროსანას" საწინააღმდეგო ღონისძიებები მასობრივი შეწამვლითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც სათანადო ცოდნას და პრეპარატების გამოყენების წესების ზედმიწევნით დაცვას საჭიროებს.

ამ მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდაა“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

აღინიშნა, რომ შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მაისი-ივნისის პერიოდშია ნავარაუდევი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება პერიტროიდის ჯგუფის პრეპარატი (მოქმედი საწყისი-ბიფენტრინი), რომელიც რეგისტრირებული და აპრობირებულია საქართველოში და რეკომენდებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ.

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ჩავიდნენ შიდა ქართლის და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ქართველი სპეციალისტებისთვის საველე სწავლებები ჩაატარეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები