ახალი ამბები
,,ერთად შევირბინოთ ნატოში" - ჟურნალისტები და თვითმმართველობის წარმომადგენლები მხიარულ სტარტებში ითამაშებენ
5 აპრილს, ,,მხიარულ სტარტებში“ ერთმანეთს ადგილობრივი მედიისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამარჯვებულ გუნდს ნატოს თასი, ხოლო მონაწილეებს - სამახსოვრო სიგელები გადაეცემა.

შეხვედრა სასპორტო სკოლაში გაიმართება.

,,ნატოს დღეების აღნიშვნას მერია უკვე მეორე წელია უერთდება. გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ და გავიმარჯვეთ ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში. წელს ვმართავთ მხიარულ სტარტებს გორელ ჟურნალისტებსა და თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს შორის და გვინდა, რომ ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის გამოხატულებად იქცეს, თანამშრომლობად ნატოს სიკეთეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის. ამიტომ ღონისძიებისთვის სახუმარო სლოგანიც შევარჩიეთ - ,,ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ერთად ,,შევირბინოთ“ ნატოშიც!“ - აცხადებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

,,მხიარული სტარტები“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ნატოს დღეები-2017“-ის ფარგლებში იმართება.

ნატოს დღეების აღნიშვნა წელს 2 აპრილს დაიწყო.

,,ნატოს საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, პროექტის ფარგლებში საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები და სემინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

ნატოს დღეებს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში დაასრულებს. საქართველო ნატოს დღეებს უკვე მეათე წელია აღნიშნავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები