ახალი ამბები
ევროპოლის ხელმძღვანელმა საქართველოსთან სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპოლის დირექტორს რობ უეინრაითს შეხვდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ვახტანგ გომელაურმა რობ უეინრაითს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

მას, საქართველოს მხრიდან, ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოაწერა.

,,შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო გახდება ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა, რაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალონ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღონ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპოლისგან მიიღონ ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი, ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის, ტერორიზმთან ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ევროპოლის საქმიანობა მიმართულია ისეთ დანაშაულებთან საბრძოლველად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორ ან მეტ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე ან ევროპის კავშირის საერთო ინტერესებს აზიანებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები