ახალი ამბები
ძაღლის წამების ფაქტზე გამოძიება თვითმხილველებისა და ვიდეოკამერების ჩანაწერების გარეშე მიმდინარეობს
ძაღლის წამების ფაქტზე გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებისა და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოკითხეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაღაზიების თანამშრომლებმა და სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, პოლიციის თანამშრომლები ფაქტით დღეს დილიდან დაინტერესდნენ.

ეს ის ადგილია, სადაც ორი დღის წინ, ღამის საათებში, ნაგვის ბუნკერში, ნაცემი ძაღლი გამვლელებმა ნახეს. გამოიძახეს გორის თავშესაფრის ხელმძღანელი თამარ აფციაური. ბრიგადამ, ნაგვის ბუნკერიდან დამტვრეული ძაღლი ამოიყვანა და თავშესაფარში გადაიყვანა. მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამომძიებლებმა თვითმხილველებს ჯერ ვერ მიაგნეს:

,,შემოვიდა მაღაზიაში, მგონი უფროსია ის ბიჭი პოლიციაში. იკითხა, ხმა ხომ არავის გაგიგიათო. ჩვენც დღეს გავიგეთ ეს ამბავი" - გვითხრეს ე.წ. ,,შვიდ ნომერ" მაღაზიასთან.

სათვალთვალო კამერები ამ ადგილზე არსად აყენია, მათ შორის, არც სამხატვრო სკოლასთან.

,,კარგი იქნება თუ სათვალთვალო კამერები იქნება, ჩვენი სკოლის კუთხეში შემოდიან ე.წ. შვიდი ნომრის მაღაზიასთან მდგარი მუშები და ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ" - ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე.

პოლიციაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით (ცხოველის წამება, არაადამიანური მოპყრობა) მიმდინარეობს. ვიდეო-მასალა შს სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა. ეს ვიდეო-მასალა გორის ძაღლთა თავშესაფრის დირექტორმა თამარ აფციაურმა 3 აპრილის, დილის საათებში გაავრცელა.

გამოძიების ეფექტურობის არ ჯერა ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს. მისი თქმით, რეგულიაციების არსებობის შემთხვევაში ძაღლის მეპატრონეს აუცილებლად მიაგნებდნენ.

,,სავარაუდოდ, ეს ძაღლი არ იყო მაწანწალა. ზოგადად, არ არსებობს რეგულაციები, რომელიც აღრიცხავს ქალაქში ძაღლებს. ეს, როგორც კერძო, ასევე, უპატრონო ძაღლებს ეხება. ასეთ შემთხვევაში, ადვილად დადგინდებოდა მეპატრონის ვინაობა და, შემდგომ, პასუხის მოთხოვნა. ეს ამბავიც ისევე გამოუძიებელი დარჩება, როგორც სხვები." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ ქალაქში ძაღლების მოვლა-პატრონობის სისტემა მოსაწესრიგებელია. უამრავი საჩივრებია ადამიანებისა და ბავშვების დაკბენის ფაქტებზე.

,,პროექტები გავაცანი მერსაც და გუბერნატორსაც. გაწერილი მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. არც ერთი მათგანი, შეხვედრის შემდეგ, ამ პროექტით აღარ დაინტერესებულა" - აცხადებს მთიულიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები