ახალი ამბები
გადაკეტილი ტროტუარი წმინდაწყალზე (PHOTO)
ცხინვალის გზატკეცილის ერთ მხარეს ტროტუარზე, ავტომანქანების დგომის გამო, ქვეითებისთვის გზა გადაიკეტა.

ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა მცხოვრებმა დავით გიგუაშვილმა იმ დროს გადაიღო, როდესაც ტროტუარზე შშმ პირი გადაადგილდებოდა.

ვიქტორ ქარქიშვილმა ეტლით გზის გაგრძელება დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო.

წმინდაწყალზე, პარკირების სისტემა, გზის სავალ ნაწილზე, მხოლოდ, ერთ მხარეს გასულ წელს შეცვალეს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კი, სიტუაცია უცვლელია.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობა გორის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ოფიციალური უწყების განცხადებით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შშმ პირთა საკითხებზე დაარსების დღიდან მუშაობს.

მათი თქმით, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში რიგი სამუშაოები განხორციელდა.

საქართველოს მთავრობის №41 დადგენილება, რომელიც ძალაში 2014 წლის 6 იანვარს შევიდა, თვითმმართველობებს ავალდებულებს 2019 წლის იანვრამდე საზოგადოებრივი სივრცეებისა და შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას.

დადგენილების შესაბამისად, მერიაში მომაზადებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ტექნიკური დავალება უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობას.

დოკუმენტში წარმოდგენილი ვალდებულებების გათვალისწინებით, მერია ამ ეტაპზე მრავალსართულიან ბინების ადაპტირებაზე მუშაობს.

„მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შშმ პირებისთვის ადაპტირებისთვის საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად გადამწყვეტია ამხანაგობების ინიციტივა. პროექტის განხორციელებაში მერია მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას. მსგავსი ინიციატივის შემთხვევაში ამხანაგობა პროექტის ღირებულების მხოლოდ 10% დაფარავს, რაც დღემდე არსებული პრაქტიკის მიხედვით ხშირ შემთხვევაში მიზერულ თანხას შეადგენს.“ - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები