ახალი ამბები
ქვახვრელის მილიონიანი პროექტი კიდევ არ დასრულდა
კომპანია ,,არქიკულტურას" ხელმძღვანელმა გოჩა გუნიავამ პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია.

2017 წლის 31 მარტს სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას სასმელი წყალი კიდევ არ მიაწოდა.

ამის მიზეზი დაუსრულებელი სამუშაოებია. თითქმის მილიონიანი პროექტი 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დამთავრებულიყო.

,,ამ ეტაპზე, მხოლოდ, გამრიცხველიანებაა დარჩენილი, ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია" - აცხადებენ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში.

კომპანიის ხელმძღვანელმა ქვახვრელელებს გუბერნატორთან ერთად, 4 მარტს პირობა მისცა, რომ ხალხს წყალი მარტის ბოლოს ექნებოდა.

პირობის მიცემის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

კომპანიას მარტის თვეში შესრულებული სამუშაოების თანხა გუშინ გადაურიცხეს.

ქვახვრელის სასმელ წყლის პროექტზე 2016 წლის 26 დეკემბერს, მაშინდელმა გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ რაიონის გამგებელს უსაყვედურა.

გამგებელმა დავით ონიაშვილმა საყვედური იუკადრისა და გუბერნატორს სიცრუეში დასდო ბრალი.

,,ჩადით ადგილზე ნახეთ, რომ სამუშაოები თითქმის დამთავრებულია" - ამბობდა გამგებელი.

2017 წლის 4 მარტს კი, ახალ გუბერნატორს ადგილზე აღელვებული ხალხი დახვდა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლებს, კომუნისტების პერიოდში, ციხეში დაიჭერდნენ. სასმელი წყლის ონკანები ქვახვრელს კომუნისტების პერიოდში ჰქონდათ.

კომპანია ,,არქიკულტურას" კიდევ ერთი რაიონის, ამბროლაურის გამგეობა უჩივის. რაჭის სოფელ სადმელიში ,,არქიკულტურის" წარმომადგენლებმა სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანეს.

შესყიდვების სააგენტომ ნაცვლად, შავ სიაში შეყვანისა, მას მხოლოდ გაფრთხილება მისცა. 







Print

სტატიის გამოყენების პირობები