ახალი ამბები
,,NEW-გორი" - ძიუდოს ახალ კლუბს არსენ აზალაძე უხელმძღვანელებს
გორში ძიუდოს ახალი კლუბი ,,NEW-გორი" დაფუძნდა. პრეზენტაცია, გუშინ, რესტორან ნაჭარმაგევში არაოფიციალურად მოეწყო.

ოთხი კაცისგან დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული სტატუსის მქონე ორგანიზაციას არსენ აზალაძე უხელმძღვანელებს. ის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსია.

დანარჩენი სამი დამფუძნებელია: სოფელ რუისში მცხოვრები გოგიტა ღვინიაშვილი (სპორტსმენ ბექა ღვინიაშვილის მამა); სოფელ ფლავისმანში მცხოვრები და უკრაინაში დაბადებული დავით ტატულაშვილი და, ასევე, ფლავისმანში მცხოვრები, პაპიტაშვილის სახელობის სპორტული სკოლის დირექტორი ანზორ თენაძე. 

თენაძე, ამავე დროს, სპორტსმენ ბექა ღვინიაშვილის მწვრთნელია.

თავდაპირველად, ახალი სკოლის დამფუძნებლებს სურდათ, რომ კლუბისთვის ,,გორი" ეწოდებინათ, თუმცა, საჯარო რეესტრში ამის თაობაზე უარი უთხრეს, რადგან ეს სახელწოდება სხვა არაკომერციულ ორგანიზაციასაც ჰქვია.

ამის შემდეგ, დამფუძნებლებმა ,,ნიუ-გორი" გადაწყვიტეს. სკოლა ოფიციალურად სტურუას #48 დარეგისტრირდა.

წესდების მიხედვით, სკოლის მიზანია ძიუდოს პოპულარიზაცია, სკოლის მოსწავლეების ბაზაზე ნაკრების შექმნა; კლუბის ფილიალების შექმნა, მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება, ამ მიზნით, გაკვეთილებისა და სემინარების ჩატარება.

არსენ აზალაძის თქმით, სკოლა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად იარსებებს და მისი შეგირდები ბევრ წარმატებას მიაღწევენ.

ჯერჯერობით, უცნობია, აღნიშნულ სკოლაში სწავლების საფასურის ღირებულება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები